შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პროგრამის 1+4 შედეგების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პაატა ზაქარეიშვილთან ერთად ღონისძიებაში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიც მონაწილეობდა.
პროგრამის დაწყებიდან 5 წლის საანგარიშო ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეკრებილებს სახელმწიფო მინისტრმა მიმართა და პროგრამის მნიშვნელობა შეაფასა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნას სათანადო პირობები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების განათლების, ინტეგრციისა და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის. თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც უნდა იაქტიურონ, გამოიჩინონ ინიციატივები და სახელმწიფო ვალდებულია, მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. აქ არიან ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები და მინდა, მათ წარმატება ვუსურვო, ხოლო პედაგოგებსა და ლექტორებს დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პრეზენტაციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციამ პროგრამის შედეგებისა და გამოწვევების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გამართა. პროგრამა თავად სტუდენტებმაც შეაფასეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა 2500-ზე მეტი მოქალაქე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამა 1500-მდე სტუდენტმა გაიარა.
2010 წლიდან ე.წ. "საშეღავათო პოლიტიკის" ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემოიღეს კვოტირების სისტემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მშობლიურ ენაზე უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში ემზადებიან ქართულ ენაში და ენის სათანადოდ ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ ირჩევენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას, რომელზეც აგრძელებენ სწავლას.