შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან და ექსპერთებთან ერთად, "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის" საბოლოო სამუშაო ვერსია განიხილა. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა.
"დღეს ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტი, სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტებს განსაზღვრავს, რომლის მეშვეობითაც უნდა იქნას მიღწეული სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ამოცანები. პრინციპები ცალსახაა, ჩვენი ხედვა ეფუძნება სწორედ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპს, ეთნიკური უმცირესობების თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ცხოვრებაში, მათი იდენტობის დაცვას და ამავდროულად მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას საზოგადოებაში"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე განცხადებით, დღეს უწყებათაშორის კომისიასთან გაიმართა საბოლოო პროექტზე დასკვნითი შეხვედრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქცენტი კეთდება იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც გამოიკვეთა წინა პოლიტიკის შესრულების ანალიზის შედეგად. კერძოდ, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი განათლების მიღებაზე, მედიასა და ინფორმაციიის ხელმისაწვდომობაზე, პოლიტიკური მონაწილეობის ამაღლებაზე, საჯარო უწყებებში ეთნიკური უმცირესობების ჩართვაზე, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე და ასევე, მცირე ეთნიკური ჯგუფების დაცვაზე. ახალ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს დაამტკიცებს.