შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედოს გეგმის პროექტების საზოგადოებისთვის წარდგენა გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა თინათინ ღოღელიანმა და ზვიად ზვიადაძემ დოკუმენტები სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარუდგინეს.
შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პროექტების ექვსივე მიმართულება: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო თანასწორობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ყურადღება გამახვილდა პროექტებით გათვალისწინებულ ახალ ინიციატივებზე.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა დოკუმენტების შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, კერძოდ, განათლებისა და მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებით.