სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 57-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა ზაფხულის სეზონზე სარწყავი სისტემის მუშაობის საკითხი იყო. კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს ზონკარის წყალსაცავზე არსებულ ვითარებაზე და ტირიფონის არხზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოებზე.
შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად კომუნიკაცია გაგრძელდება. ოსურმა მხარემ, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას მოსავლის აღებაში დაბრკოლებები არ შეუქმნას. დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო 24 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით მომხდარი ინციდენტები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხები. დღესვე ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე გ. გეგელაშვილი, რომელიც 10 წლიან სასჯელს იხდიდა. გეგელაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა დღესვე გადმოიყვანეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი გამყოფ ხაზზე მავთულხართის გავლებისა და ამ პროცესის შედეგად მიმდებარე სოფლების მოსალეობისთვის შექმნილი პრობლემების გამო. ერგნეთში მორიგი - 58-ე შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.