როგორ მივედით 2008 წლის ომამდე ანუ რუსული პოლიტიკის რეალიზაცია "ნაციონალურად"

7 აგვისტო 2015

პაატა ზაქარეიშვილის სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 2014 წლის 8 აგვისტოს ნომერში.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა და მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აგრძელებენ მცდელობას,თავიდან აირიდონ პასუხისმგებლომა ამ ომის გამო. სააკაშვილი დღესაც აკეთებს მინიშნებებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება პრორუსულია და ომის წლისთავის წინ ვლადიმერ პუტინს სასიამოვნო საჩუქარს უკეთებს სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენით. პირადად მე "კაგებესთან" თანამშრომლობაში ომის 6 წლისთავის წინ - 7 აგვისტოს დამდო ბრალი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა სახემ - გიორგი კანდელაკმა. ვფიქრობ, საბოლოოდ მკაფიოდ უნდა გაირკვეს, რამდენად ემსახურებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რამდენად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სცენარის მიხედვით.ჯერ კიდევ არ არის გაანალიზებული ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც რუსეთს აგრესიისათვის ხელ-ფეხი გაუხსნა. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ამ გზის გასახსნელად ყველა ღონეს რომ იხმარდნენ, ეს ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ მოვლენების ისე გასავითარებლად, რომ მოსკოვს სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა "სხვა გზა არ დარჩენოდა", საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსულ პოლიტიკას მაქსიმალურად აუწყო ფეხი. რატომ მოხდა ასე - იყო ეს შეცდომების კასკადი, გულბრყვილო მინდობა კრემლისადმი თუ შეგნებული დანაშაული, ამის დადგენას იმედია, დიდი დრო არ დასჭირდება. თუმცა, შედეგი ერთია - ომი, ოკუპაცია და აღიარება - რუსული პოლიტიკის ინტერესები მაქსიმალურადაა რეალიზებული საქართველოში და ამას ხელი შეუწყო სწორედ იმ გუნდმა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში.იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, როდის, როგორ დაიწყო, გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ რუსული პოლიტიკის წესებით თამაში, ომის წინა, ომისა და შემდგომი დღეების მნიშვნელოვან მოვლენებსა და მოგონებებს გადავავლოთ თვალი. რაც შეეხება მოგონებებს, იმ პერიოდის სხვადასხვა ფრაგმენტს ხშირად იხსენებს ხოლმე თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მას ამ მოგონებების დასადასტურებლად არასოდეს მოუტანია რაიმე დოკუმენტი და მტკიცებულება. მისი მონათხრობები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია და ხშირად ისმის კითხვა - ყოფილი პრეზიდენტი სიმართლეს ამბობს თუ საკუთარი უსუსურობის და შეცდომების გასამართლებლად, მარტივად რომ ვთქვათ, ჭორაობს. საკუთარ მოგონებებში სააკაშვილი ხან დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს და ცხინვალში წარმატებული ოპერაციისთვის მას მხოლოდ კვირები დასჭირდება, ხან იხსენებს, როგორ აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ომის შესახებ არა მხოლოდ მაღალჩინოსანი დასავლელი მეგობრები, არამედ თვით ვლადიმერ პუტინი.პირველი ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პოლიტიკის თამაშს იწყებდა, ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდა - აფხაზეთის მიმართულებით - შეიცვალა ქართული პოლიტიკა კოდორის ხეობაში და იქ საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდა, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით კი, შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია. შემდგომში მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ორივე პროექტმა ხელი შეუწყო რუსეთს, იოლად მიეთვისებინა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი.მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების სხვა პირველი პირების მონათხრობები, ვარაუდები, დაპირებები და ილუზიები:ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი არ აპირებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დათმობებზე წასვლას, მიხეილ

სააკაშვილს ჯერ კიდევ აჭარის მოვლენების დროს - 2004 წელს ჰქონდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა გაიხსენა 2013 წლის 7 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბარში. კერძოდ, იგი აჭარის მოვლენების დროს პუტინთან საუბარს იხსენებს: "მან (პუტინმა) მითხრა, რომ აჭარაზე დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალში იგივეს ვერ მივიღებდით."მიხეილ სააკაშვილს ბევრჯერ გაუხსენებია პუტინთან თუ სხვებთან საუბრები თუ მიმოწერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არასოდეს მოუტანია დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი ან დოკუმენტი.

იხილეთ სრულად

www.kvirispalitra.ge