2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

8 აგვისტო 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
პაატა ზაქარეიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა გვირგვინით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების საფლავები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"ვიდრე გვახსოვს ის გმირები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს სახელმწიფოს, მანამდე სახელმწიფო არსებობს. სამწუხაროდ, 2008 წელს ვერ მოხერხდა საომარი მოქმედებების თავიდან აცილება და ჩვენი ვალია, დავაფასოთ ის გმირები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სახელმწიფოს. 8 აგვისტო ჩვენთვის წმინდა თარიღია. დაღუპულებს დღეს პატივს მიაგებენ ცხინვალშიც და იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ამ დღეს თბილისსა და ცხინვალში ერთად აღვნიშნავთ, რადგან ეს არის ტრაგედია როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხისთვის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ფოტოგამოფენა "აგვისტო 08.08.08". პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია 6 ფოტორეპორტიორის ნამუშევრები.

პაატა ზაქარეიშვილი დღესვე სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს და ნეშტების დაკრძალვის ცერემონიას დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა კი, ასევე, გვირგვინით შეამკო სოფელ შინდისთან დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.