ბანერები და მავთულხლართები - ერთადერთი იარაღი ოკუპანტი ძალის ხელში

3 სექტემბერი 2015

ამ თემაზე მოსაზრება გამოვთქვი მეც, მათ შორის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ვცადე, მკაფიოდ წარმომეჩინა ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილი და ამ ტელეგამოსვლაში ძირითადად ვსაუბრობდი სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. საუბრისას ეს ძალა რამდენჯერმე ნაცვალსახელით მოვიხსენიე, რამაც ჩემს ოპონენტებს საშუალება მისცა, მანიპულაციის გზით შეეცვალათ ჩემი საუბრის შინაარსი. ზოგმა საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის, მაგალითად გამოცემა "ტაბულამ" ჩემი გამოსვლის ციტირებისას ნაგულისხმები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად ფჩხილებში ჩაწერა "რუსეთი", რამაც მთლიანად შეცვალა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრების შინაარსი."ტაბულას" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთ ციტატაში: "რატომ არიან გამწარებული ჩვენზე დღეს ისინი[რუსეთი], რატომ გვიტევენ ასე - ისინი ხვდებიან, რომ თურმე შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება", ასევე ამავე კომენტარის სათაურში: "ზაქარეიშვილი: რუსეთის რეაქციით კარგად ჩანს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით", არსებითად შეცვლილია შინაარსი. ამ ორივე შემთხვევაში მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი. როგორც ჩანს, ჩემს ოპონენტებს ჩემი დასაბუთებული სიმართლის წინააღმდეგ ნაცვალსახელებში ნაგულისხმევი სიტყვებით მანიპულაცია რჩებათ მხოლოდ. ამიტომ, ეხლაც და მომავალშიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას ყოველთვის სრულად გამოვიყენებ ამ პარტიის სახელს, რათა ამგვარი მანიპულირება შეუძლებელი იყოს. ამ პრინციპის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დავუბრუნდები თემას, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლის შემდეგ რუსული ოკუპაცია კვლავ გრძელდება. სადღეისოდ ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს იმ ნაწილისთვის, რომელიც გამყოფი ხაზების აქეთ ცხოვრობს, ოკუპაციის ყველაზე მეტად ხელშესახები და ნათელი გამოხატულება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები, რომლებსაც რუსი სამხედროები აქტუალობიდან გამომდინარე სხვადასხვა ინტენსივობით ამონტაჟებენ. ამ პროცესზე მტკივნეულად რეაგირებს ქართული საზოგადოება და ამ საზოგადოების ნაწილი სახიფათოდაც. სწორედ ეს ბანერებია ოკუპანტი ძალის ხელში ერთადერთი, ყველაზე თვალსაჩინო იარაღი და მათი დადგმის, ყველაზე უარეს, ცალკეულ შემთხვევაში კი რამდენიმე ასეული მეტრით თვით ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით გადაადგილების გარდა ეს ძალა სხვა ნაბიჯებს ვეღარ დგამს. საქართველოს ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმეტესად კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომ პროცესს თითქოსდა, მშვიდად ვუყურებთ. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ხელისუფლების ყველა შესაბამისი შტო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს პროცესის შესაჩერებლად და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. ამასთან, მიმაჩია, რომ სწორედ ეს ბანერებია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგის საზომი, რამდენადაც ბანერები და მავთულხლართებია ერთადერთი აგრესიული იარაღია, რაც კი დარჩა ოკუპატს იმ ფონზე, როდესაც ბანერებიდან რამდენიმე კილომეტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში აშენებული მძლავრი სამხედრო ბაზები და სხვა საინჟინრო ნაგებობებია განლაგებული. სამხედრო ბაზების არსებობის, ასევე იმ პირობებში, როცა ჩვენსა და ოკუპანტ ძალას შორის არ დგას არანაირი სამშვიდობო ძალა, ჩვენ ვახერხებთ ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებას და ბოლო, თითქმის 3 წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წინაპირობების მსგავსი სიტუაციაც კი არ შექმნილა. სურათის გაანალიზებისას ურიგო არ იქნება, თუ გავიხსენებთ თანამედროვე ევროპაში და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში არსებული კონფლიქტების მაგალითებს. მაგალითად, მთიან ყარაბაღში თითქმის ყოველ კვირას ფიქსირდება მსხვერპლი, კვიპროსსა და კოსოვოში დღემდე დგანან სამშვიდობო ძალები და ამგვარად ინარჩუნებენ მშვიდობას. საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად კი არ გვაქვს დამატებით დაკარგული ქალაქები და სოფლები, არ გვყავს დამატებითი დევნილები და რაც მთავარია, არ გვყავს საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანები. სამწუხაროდ, ბანერებისა და მავთულხლართების მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიწების მოქცევა პრობლემად რჩება, თუმცა ხელისუფლება ახორციელებს სხვადასხვა პროექტს გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების პრობლემების მოსაგვარებლად. საყურადღებო თემაა თავად ბანერებისა და მავთულხართების გავლების პერიმეტრი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საერთაშორისო სამართლის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა და მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. ეს იყო ნაციონალურ-ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში გაუქმდა. ანუ 90-ინი წლების დასაწყისიდან საქართველოს კანონმდებლობით იმ ტერიტორიაზე არანაირი ავტონომიური მმართველობის ერთეული არ არსებობდა. 2007 წელს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაშვებული იქნა დანაშაულებრივი შეცდომა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობამ ისე რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ ახორციელებდა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცია შექმნა. დროებითი ადმინისტრაციით შეიქმნა პრეცედენტი. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი დაშვებული იქნა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებრივი შეცდომა. მაშინდელმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რომელი ტერიტორიაა ოკუპირებული. კანონში წერია:მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ ოკუპირებული ტერიტორიები):ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები; ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები); ანუ საბჭოთა კავშირის დროს არსებული პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია საქართველოს ხელისუფლებამ, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, უბრძოლველად ჩათვალა ოკუპირებულად. ამით საქართველოს ხელისუფლებამ იმთავითვე განაცხადა, რომ რაც იქ ხდებოდა, მას არ ეხებოდა. რამდენადაც ვინმეს უცნაურად არ უნდა მოეჩვენოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის ლოგიკა ერთმანეთს დაემთხვა. აი, აქ კი შეიძლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა" და რუსეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. დაინტერესებულ პირებს 2008 წლის აგვისტოში მოვლენების იმგვარად განვითარებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომებსა და პასუხისმგებლობის ხარისხზე ინფორმაციას შეუძლია, გაეცნოს ვრცელ სტატიაში, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე 2014 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა:

http://www.kvirispalitra.ge/politic/22522-rogor-mivedith-2008-tslis-omamde-anu-rusuli-politikis-realizacia-qnacionaluradq.html