შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დღეს პარლამენტარების წინაშე ანგარიშით წარსდგა. ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობის 3 წლიანი შედეგების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს მიაწოდა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებაზე - კონფლიქტების მოწესრიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ. ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტარებს დეტალური ინფორმაცია მიწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე. მან ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესისა და ხალხთა შორის კონტაქტების აღდგენის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დგამს. ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.