შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2013-2015 წწ. განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

17 ოქტომბერი 2015
შესავალი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შედის ორი ძირითადი მიმართულება - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავის საქმიანობას ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორობით.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა
კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანა იყო და არის, შექმნას ხელსაყრელი გარემო ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ აირჩია მშვიდობიანი, ღია, პრაგმატული და კონსტრუქციული კურსი.
მთავრობამ გადადგა მთელი რიგი ცალმხრივი ნაბიჯები:
• 2013 წლის 7 მარტს, ახალი მოწვევის პარლამენტმა თავის რეზოლუციაში „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხით გაამყარა გაცხადებული ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულება.
• კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უკეთ მისადაგებოდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებს;
• 2014 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა უწყების სახელწოდება
• ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მშვიდობისა და განვითარებისათვის სივრცის შექმნა და დახმარების გაწევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის;
• 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა უწყებათშორისი სამთავრობო კომისია. კომისიის ფარგლებში მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისათვის.

პოზიტიური ტენდენციები:
• შემცირდა ინციდენტების რაოდენობა გალის რაიონში და დაძაბულობის კერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;
• გაჩნდა გადაადგილების ზრდის პოზიტიური ტენდენცია (უფასო ჯანდაცვის მომსახურება, განათლების შესაძლებლობები)

ევროკავშირის ჩართულობა და ევროინტეგრაცია
• საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ევროინტეგრაციის პროცესით წარმოქმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის;
• კონფლიქტის მოგვარების ნაწილში ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ეფექტურ თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაციას. (დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მხარდაჭერას და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას);
• 2015 წლის ივნისში თბილისში გაიმართა ასოცირების საბჭოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომა. (სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და პრობლემური საკითხები);
• 2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. (განხილულ იქნა: რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში არსებული გამოწვევები და ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები)
• სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები აწარმოა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობა. (გასული სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ რეგიონების თემაზე დამატებით 149 პროექტის განხორციელება წამოიწყეს).
• ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის იყო და არის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით შექმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, გრძელვადიან პერსპექტივაში.
• ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების რეალური პერსპექტივა წარმოადგენს ევროინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ სარგებელს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვით, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მოსახლეობისთვის.
• ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად იყო ჩართული ევროინტეგრაციის საკითხთა ინფორმაციისა და კომუნიკაციის შესახებ მთავრობის სტრატეგიის განხორციელებაში. (მომზადდა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე სარეკლამო რგოლები და გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმცირესობათა 4 ენაზე, მათ შორის აფხაზურად და ოსურად; ასევე ამავე ენებზე მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი ბუკლეტები).
ჩართულობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია
ჯანდაცვის უფასო მომსახურეობა წარმოადგენს ჩართულობის სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მიმართულებას.
- „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში, უფასო სამედიცინო მომსახურებით ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. (2012 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ცხინვალის რეგიონიდან მკურნალობის მსურველთა რაოდენობა. ასევე, გაზრდილია აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტთა რაოდენობა, ვინც ჩართულია რეფერალურ პროგრამაში).
- 2013 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა გავრცელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
- 2015 წლის აპრილში საქართველოში ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგარმა, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებსაც შესთავაზა ჩართვა.
- 2013-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეროს განვითარების ფონდთან არსებული „საკოორდინაციო მექანიზმის“ ფარგლებში რეგულარულად მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიკამენტები და ვაქცინები;
- 2013-2015 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებაზე დახარჯული თანხების ოდენობა დაახლოებით 7 მილიონი ლარია.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ზუგდიდთან, სოფ. რუხში მიმდინარეობს 220- ადგილიანი მრავალპროფილიანი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა.

სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები. სოფ. რუხში მიმდინარეობს მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა.
ნეიტრალური დოკუმენტები
- გასული სამი წლის განმავლობაში სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დამატებით აღიარა უნგრეთმა და რუმინეთმა. ამ ეტაპზე დოკუმენტი აღიარებულია 12 სახელმწიფოს, მათ შორის 9 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ;

საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 2015 წელს განახორციელა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: (საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო და აფხაზური კუთხე, სადაც განთავსდა აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა; ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად მოხდა მოქვის სახარების ბეჭდური გამოცემა ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე, რომელიც აფხაზეთში გავრცელდა; სტამბოლში ჩატარდა ქართველი და აფხაზი ექიმების ერთობლივი ტრენინგი ც ჰეპატიტის მკურნალობის თემაზე).

ევროსაბჭოს პროექტები
2013-2015 წლების განმავლობაში ჩატარდა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის რამდენიმე პროექტი, (მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და აფხაზი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლები, ახალგაზრდა ექსპერტები, ქართველი და ოსი მასწავლებლები.

დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია

2015 წლის თებერვალსა და ივნისში ლონდონში გაიმართა არაფორმალური ქართულ- აფხაზური შეხვედრა-დიალოგი. შეხვედრები გაიმართა ასევე 2015 წლის სექტემბერში ბერნში და ბერლინში.

განათლება:
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სპეციალურ 1+4 პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, ჩაირიცხონ და ისწავლონ ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურების საფუძველზე.
- 2014 წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი; ცენტრი განაცხადს იღებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისაგანაც.
გამყოფი ხაზით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და დონორთა დახმარება
• 2013 წელს უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა გამყოფ ხაზთან მდებარე გორის, ქარელის, კასპისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების 77 სოფელში არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი.
• საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 4 ოქტომბერს შექმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, (კომისიის წევრები შეხვდნენ 48 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას).
კომისიის მუშაობის შედეგად:
- ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად 11 440 ოჯახს (50 სოფელი) გადაეცა 200 ლარი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 288 000 ლარი;
- გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ოჯახების 471 სტუდენტს დაუფინანსდა 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასური.
- სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და საკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვა სკოლები, სასკოლო ბიბლიოთეკები; პერსონალს და მოსწავლეებს დაურიგდათ კომპიუტერები და ბუკები; განხორციელდა 600-ზე მეტი მოსწავლის სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
- სოფ. აბანოში აშენდა თანამედროვე საჯარო სკოლა, რომელიც გათვლილია 90 მოსწავლეზე;
- 9 სოფელში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები;
- უმეტეს სოფლებში გაიმართა საირიგაციო სისტემა;
- მიმდინარეობს 58 სოფლის (13,375 კომლი) გაზიფიცირება, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 19 მლნ. ლარი. გაზიფიკაციის სამუშაოები უკვე დასრულდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების უმრავლესობაში (16 სოფელში), ხოლო დანარჩენში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს;
- აშენდა 20 ამბულატორია;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სრულდება კლინიკის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და პაციენტებს წლის ბოლოდან მოემსახურება;
- ჩატარდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;
- განხორციელდა სამუშაოები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა დადგენისა და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით.
სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში მომზადდა „კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს ჟენევის დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფს, რომელშიც განიხილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები. (დისკუსიებზე განსახილველი საკითხები: იძულებით გადადგილებულ პირთა დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებრივი მგდომარეობა, გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, კულტურული მემკვიდრეობის, დაცვა გარემოს დაცვა და თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად).
სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობაში. (განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტი)

კულტურული მემკვიდრეობა
შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა დოკუმენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარეობს თანამშრომლობა UNESCO- სთან.

სამოქალაქო ინტეგრაცია
სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. (წინა კონცეფციას ვადა ამოეწურა 2014 წელს).
ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ეფუძნება იმ შედეგებს, რაც გამოვლინდა წინა წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად და ითვალისწინებს არსებულ რეკომენდაციებს და წინადადებებს.
ჩვენი მიდგომაა: „მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაცია“. უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ძირითადი აქცენტები:
• მეტი ინტერაქცია უმრავლესობასთან;
• სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება;
• მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ლინგვისტური უფლებების დაცვას (ამ ენების სწავლება);
• პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა;
• ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა;

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე; დოკუმენტს საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისმა.
ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით:
• 2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;
• დამტკიცდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

განათლება.
• სახელმძღვანელოები ყველა საგანში 1-დან მე-6 კლასების ჩათვლით თარგმნილია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. მე-7-დან მე-12 კლასამდე საგნების შესაბამისი სახელმძღვანელოები მომზადების პროცესშია.
• უმაღლესი განათლება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის მოქმედი გამარტივებული სისტემის („1+4“ პროგრამა) მეშვეობით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა სტატისტიკა: 2013 წელს 890 არაქართულენოვანი სტუდენტი ჩაირიცხა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, 2014 წელს სტუდენტების რაოდენობა გახდა - 673, ხოლო 2015 წელს - 741.
სახელმწიფო ენა.
• I-XII კლასების მოსწავლეებისათვის შემუშავებულია სახელმძღვანელო „ქართული, როგორც მეორე ენა“. სახელმძხღვანელო მიეწოდება მოსწავლეებს უფასოდ.
• 2013-2015 წლებში გაგრძელდა პროგრამების „ქართული, როგორც მეორე ენა“ და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ განხორციელება რომლის მიზანია სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
• ზ. ჟვანიას სახ. საჯარო ადმინისტრირების სკოლა, საჯარო სექტორში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს პროფესიულ ზრდას და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას.

მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
• საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით ყოველ დღე გადის ეთერში „მოამბე“ ეთნიკური უმცირესობების 5 ენაზე (აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული).
• ეთერში გადის ყოველკვირეული თოქ-შოუ „ჩვენი ეზო“
• ახალი ამბები ასევე ყოველდღიურად გადაიცემა „პირველი რადიოს“ მიერ, ზემოხსენებული ეთნიკური უმცირესობების ენებზე, რასაც კვირაში ერთხელ ემატება გამოშვება ქურთულ ენაზე.
2013-2015 წწ. სახელმწიფო განაგრძობდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ბეჭდვითი მედიის მხარდაჭერას.
მონაწილეობა არჩევნებში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და მიაწოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მათ მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული)
სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია
• „სოციალური გარანტიების შესახებ ეროვნული/ეთნიკური უმცირესოებებისათვის ინფორმაციის მიწოდების“ პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებსა და სოციალური დახმარების შესახებ.
• გაგრძელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ეს პროექტები ითვალისწინებდა გაზიფიკაციას, შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარეგანათების რეაბილიტაციას; სასკოლო, სპორტული ინფრასტრუქტურის შეკეთებას/განახლებას.
კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო მხარს უჭერდა ეთნიკური უმცირესობების კულტურულ ცენტრებს და თეატრებს.
სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა მოსახლეობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, თემის ლიდერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან.
რელიგიური საკითხები
• „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია“.
• „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი“;
• 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.