შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2013-2015 წწ. განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

17 ოქტომბერი 2015

შესავალი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შედის ორი ძირითადი მიმართულება - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციაა ამ მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კოორდინაცია და იმპლემენტაცია. აპარატის ბიუჯეტი, რომელიც 1, 350მლნ. ლარს შეადგენს, არ ითვალისწინებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავის საქმიანობას ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორობით.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა

კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანა იყო და არის, შექმნას ხელსაყრელი გარემო ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ აირჩია მშვიდობიანი, ღია, პრაგმატული და კონსტრუქციული კურსი.
მთავრობამ გადადგა მთელი რიგი ცალმხრივი ნაბიჯები, რომელიც მიზნად ისახავს, წლების განმავლობაში შექმნილი გაუცხოვების შემდეგ, გაჩნდეს ნდობის აღდგენისა და გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები.
2013 წლის 7 მარტს, ახალი მოწვევის პარლამენტმა თავის რეზოლუციაში „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხით გაამყარა ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში გაცხადებული ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულება. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულება 2014 წელს რატიფიცირებულ „საქართველო- ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაშიც“ გაიწერა.
ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რათა საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უკეთ მისადაგებოდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ასევე, მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისათვის ნებართვის გაცემის პროცედურა გაამარტივა. ნაცვლად მთავრობის აქტისა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კონსულტაციის შემდეგ, ბრძანებით ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ მინისტრს მიენიჭა. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ აფხაზებსა და ოსებს პირდაპირი დიალოგი შესთავაზა, რის თაობაზეც 2013 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა.
2014 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა უწყების სახელწოდება - „სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“. ახალი სახელწოდების ინიცირებით, ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ნდობის აღდგენისა და პირდაპირი დიალოგის წარმოებისათვის და უფრო ადეკვატურად ასახა აპარატის საქმიანობის მეორე, მნიშვნელოვანი, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება.
ასევე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მშვიდობისა და განვითარებისათვის სივრცე შექმნილიყო და დახმარება გაწეულიყო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც მავთულხლართების და ხელოვნური გამყოფი ხაზების სიახლოვეს, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გამოწვევების ფონზე, რთულ ვითარებაში უწევთ ყოფა.
მოხდა უმეტესობა სოფლების მონახულება, მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა, საჭიროებათა პრიორიტეტული ანალიზი და შედეგად, მათზე რეაგირების მიზნით, 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა უწყებათშორისი სამთავრობო კომისია, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო. კომისიის ფარგლებში მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისათვის, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მობილიზების გზით. ამ რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მიმართული არაერთი პროექტის განხორციელება განიხილება მომავალში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის წყალობით, შემცირდა ინციდენტების რაოდენობა გალის რაიონში და დაძაბულობის კერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. სახელმწიფოს ღია პოლიტიკის შედეგად გაჩნდა გადაადგილების ზრდის პოზიტიური ტენდენცია, განსაკუთრებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენი საქართველოს მიმართულებით. მაგალითისთვის, სამედიცინო დახმარების მსურველთა რიცხვი ზემოხსენებული რეგიონიდან გაოთხმაგდა. უფასო ჯანდაცვის მომსახურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც განათლების შესაძლებლობები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც წარმატებით ხორციელდება ბოლო სამი წლის განმავლობაში.
თუმცა, რუსეთის მიერ მავთულხლართების აღმართვის ინტენსიფიკაციამ, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმულმა ნაბიჯების მთელმა წყებამ შექმნეს ახალი გამოწვევები.
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არის ისეთივე უკანონო, როგორც მანამდე გაფორმებული სხვა ე.წ. ხელშეკრულებები და მას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. რუსეთის ეს ნაბიჯი არის 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ოკუპაციის რეალიზაცია, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის პირობების შექმნას. ესაა, რუსეთის ღია გამოწვევა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისათვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მყარია და უცვლელი რჩება.

ევროკავშირის ჩართულობა და ევროინტეგრაცია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან სამშვიდობო პოლიტიკის ხელშესაწყობად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერაზე დაყრდნობით. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რამდენიმე ფორმატში,რომლებშიც რეგულარულად იღებს მონაწილეობას.
გასული სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რადგან ის ქმნის შესაძლებლობებს კონფლიქტის მოგვარების სფეროშიც. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროინტეგრაციის პროცესით წარმოქმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის და სწორედ, ამ მხრივ იდგმება ნაბიჯები.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის მოლაპარაკებების პროცესში; შემუშავდა დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
კონფლიქტის მოგვარების ნაწილში ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ეფექტურ თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაციას არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ოპერაციულ დონეზე, სტრატეგიული შეხვედრების ჩატარებას, კონფლიქტის გადაწყვეტისა და ჩართულობის მექანიზმების ერთობლივ შემუშავებას, კონსულტაციების გამართვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ჩასართავად გზების მოძიების მიზნით.
დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მხარდაჭერას და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად 2015 წლის 2 ივნისს თბილისში გაიმართა ასოცირების საბჭოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილია. სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და პრობლემური საკითხები, აგრეთვე ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება, მიმდინარე პროექტები და შეთავაზებული სარგებელი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევა ასევე განხილული იქნა 2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში. მონაწილეებმა სიღრმისეულად იმსჯელეს რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში არსებული გამოწვევებსა და ჩართულობის პოლიტიკის ასპექტებზე, ასევე ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ იმ ფონზე, რა გამოწვევებიც იქმნება ოკუპირებულ რეგიონებში, გაგრძელებულიყო ადგილზე ევროკავშირის უწყვეტი ჩართულობა, არაღიარების პოლიტიკის ერთიანი ქოლგის ქვეშ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები აწარმოა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობა, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა და შეზღუდვებისა, რომელსაც ისინი აწყდებიან ამ ტერიტორიებზე შესვლისა და საქმიანობის კუთხით. საყურადღებოა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ რეგიონების თემაზე დამატებით 149 პროექტის განხორციელება წამოიწყეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის იყო და არის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით შექმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით შექმნილ შესაძლებლობებში ოკუპირებული რეგიონების მეტი ჩართულობისთვის.
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების რეალური პერსპექტივა წარმოადგენს ევროინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ სარგებელს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვით, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის. უწყების პროგნოზით, გაიზრდება ქართული პასპორტის აღების ფაქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა შორის.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეასრულა საშინაო დავალება და თავისი წვლილი შეიტანა ევროკავშირი-საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით დასრულებაში.
ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად იყო ჩართული ევროინტეგრაციის საკითხთა ინფორმაციისა და კომუნიკაციის შესახებ მთავრობის სტრატეგიის განხორციელებაში. მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შორის იყო ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე სარეკლამო რგოლების მომზადება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაშვება (პრაიმ-ტაიმის დროს) უმცირესობათა 4 ენაზე, მათ შორის აფხაზურად და ოსურად; ასევე ამავე ენებზე მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი ბუკლეტები.

ჩართულობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია
საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - მოსახლეობა სარგებლობდეს იმ უფლებებითა და პრივილეგიებით, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ამ მიზნით გაგრძელდა ჩართულობის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ჯანდაცვა
ჯანდაცვის უფასო მომსახურეობა წარმოადგენს ჩართულობის სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მიმართულებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, რომელთა შორის უმთავრესია „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა. მასში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები განცხადებით მიმართავენ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც თავის მხრივ, შუამდგომლობას უწევს მათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სახელმწიფო ცდილობს, აღნიშნული პროგრამა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიუროკრატიისაგან. გასული სამი წლისგანმავლობაში, უფასო სამედიცინო მომსახურებით ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მიუხედავად მავთულხლართებისა და გამყოფ ხაზზე გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვისა, 2012 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ცხინვალის რეგიონიდან მკურნალობის მსურველთა რაოდენობა. ამ ადამიანების 70% დანარჩენ საქართველოში ჩამოდის ლარსის გამშვები პუნქტიდან, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად მავთულხლართებისა და საოკუპაციო რეჟიმის გვერდის ავლით გადმოდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე, გაზრდილია აფხაზეთიდან პაციენტთა რაოდენობა, ვინც ჩართულია რეფერალურ პროგრამაში. საერთო ჯამში, ყოველწლიურად ბოლო 3 წლის განმავლობაში მზარდი დინამიკაა.2013 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა გავრცელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელი, მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
2015 წლის აპრილში საქართველოში ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგარმა, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებსაც შესთავაზა ჩართვა. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და ის დამატებითი სიკეთე, რაც ძვირადღირებული მკურნალობის უფასოდ შეთავაზებას გულისხმობს და პირდაპირ უკავშირდება ათასობით ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის.
2013-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეროს განვითარების ფონდთან არსებული „საკოორდინაციო მექანიზმის“ ფარგლებში რეგულარულად მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიკამენტები და ვაქცინები; რომლის თვითღირებულება ჯამში 500 ათას ლარზე მეტს წარმოადგენს.
საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთს გადაეცა სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთი.
2013-2015 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებაზე დახარჯული თანხების ოდენობა დაახლოებით 7 მილიონი ლარია.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ზუგდიდთან, სოფ. რუხში მიმდინარეობს 220- ადგილიანი მრავალპროფილიანი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, თავისი საერთო საცხოვრებელით, რომელიც თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოების გარდა დამატებით მოემსახურება ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს.

სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები
სოფ. რუხში ასევე მიმდინარეობს მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა. ეს წაახალისებს ვაჭრობას საოკუპაციო ხაზის გადაკვეთით. ვაჭრობის მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე მიდის თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მთავრობის მიზანია, რომ ისინი კიდევ უფრო წახალისდნენ დამატებითი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით.
მიმდინარეობს მუშაობა ინიციატივებზე, რათა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის შეთავაზებულ იქნას დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური დახმარება.

ნეიტრალური დოკუმენტები
ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გასული სამი წლის განმავლობაში სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დამატებით აღიარა უნგრეთმა და რუმინეთმა. ამ ეტაპზე დოკუმენტი აღიარებულია 12 სახელმწიფოს, მათ შორის 9 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ. 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა როგორც გაცემული ნეიტრალური პირადობის მოწმობის, ისე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რაოდენობა, რომელიც შესაძლებელს ხდის საზღვარგარეთ ლეგიტიმურად გადაადგილებას.

საკოორდინაციო მექანიზმი
საკოორდინაციო მექანიზმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თბილისსა და სოხუმს შორის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე კომუნიკაციისა და მნიშვნელოვანი გზავნილების გაჟღერებისთვის. ამგვარი გზავნილები შესაძლებელია მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ) ჰუმანიტარულ საჭიროებებს, მიმდინარე ან დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებზე ინფორმაციის მიწოდებას, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს და ა.შ.
2015 წელს საკოორდინაციო მექანიზმმა განახორციელა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, საკოორდინაციო მექანიზმის ჩართულობით:
- საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო და გაიხსნა აფხაზური კუთხე, სადაც განთავსდა აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა;
- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად მოხდა უნიკალური ისტორიული ძეგლისა და ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშის - მოქვის სახარების ბეჭდური გამოცემა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე, რომელიც გავრცელდა აფხაზეთში;
- სტამბოლში ჩატარდა ქართველი და აფხაზი ექიმების ერთობლივი ტრენინგი ც ჰეპატიტის მკურნალობის თემაზე.

ევროსაბჭოს პროექტები
სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით და საკოორდინაციო მექანიზმის ჩართულობით, 2013-2015 წლების განმავლობაში ჩატარდა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის რამდენიმე პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის შეხვედრებს ნეიტრალურ ტერიტორიებზე:
- ქართული და აფხაზური საზოგადოების ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა ქ. ვენეციაში, იტალია, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თემაზე სემინარში მონაწილეობის მისაღებად;
- ქართველი და აფხაზი მასწავლებლების, ასევე ქართველი და ოსი მასწავლებლების ვიზიტი ქ. გრაცში, ავსტრია, უცხო ენების სწავლების მეთოლოგიის სემინარში მონაწილეობის მისაღებად;
- კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში ქართველი და აფხაზი ექსპერტების შეხვედრა ქ. სტამბოლში, თურქეთი; სასწავლო ვიზიტი მაკედონიაში, რომლის მიზანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვის მეთოდოლოგიის გაცნობა; ქართველი და აფხაზი ექსპერტების შეხვედრა სარაევოში, სადაც მოხდა საარქივო მასალების გადაცემა. პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი და აფხაზი ექსპერტების შემდგომი შეხვედრები, ძეგლების მონახულება და ა.შ.
- ინგლისური ენის მასწავლებლების ტრენინგი სოხუმში ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით;
- ქართველი და აფხაზი მასწავლებლების შეხვედრა ქ. სტამბოლში, თურქეთი, სამომავლო შეხვედრებისა და ვორქშოპების დასაგეგმად, რომელთა მიზანი იქნება გამოცდილების გაზიარება და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა; აღნიშნული ვორქშოპები ჩატარდა 2015 წელს და შემდგომ წლებშიც იგეგმება;
- ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე ქართული და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლების, ასევე სახალხო დამცველების შეხვედრა ქ. სტამბოლში, თურქეთი და სეგოვიაში, ესპანეთი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების განსახილველად;
- აღნიშნული მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო ჩართულობით, ასევე განხორციელდა თბილისიდან, ცხინვალიდან და სხვა ქალაქებიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბალკანური კონფლიქტების მოგვარების გამოცდილების შესასწავლად.
- ქართველი და ოსი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტების შეხვედრა ვენეციაში, იტალია, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სემინარში მონაწილეობის მისაღებად;
- ქართველი და აფხაზი ახალგაზრდა ექსპეტების სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში, საფრანგეთი, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის საკითხებზე;
- ქართველი და აფხაზი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა სტამბოლში, თურქეთი, ოჯახური, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით;
- მუზეუმების მენეჯმენტის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების შეხვედრა ვენეციაში, იტალია, გამოცდილების გაზიარებისა და აფხაზეთში არსებული მუზეუმების მდგომარეობის განსახილვის მიზნით;

ასევე 2015 წლის თებერვალში აფხაზეთში ჩატარდა ევროპული ლექციების ციკლი ევროპული სტრუქტურების ფუნქციონირების თემებზე.

2015 წლის განმავლობაში და 2016 წელს ევროსაბჭოსთან ერთად იგეგმება არაერთი ახალი ორმხრივი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პროექტის განხორციელება, რომელიც შეეხება სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს და ადამიანის უფლებებს, ნარკოტიკების პრევენციასა და მკურნალობას, გარემოს დაცვას და ა.შ.

დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია

სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყენებს ყველა სახის ნეიტრალურ პლატფორმას და შესაძლებლობას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. 2015 წლის თებერვალსა და ივნისში ლონდონში გაიმართა არაფორმალური შეხვედრა-დიალოგი ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის პოლიტიკოსების, ექსპერტების და საერთშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამგვარი შეხვედრები გაიმართა ასევე 2015 წლის სექტემბერში ბერნში, შვეიცარია და ბერლინში, გემარნია. შეხვედრებზე განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, გაანალიზეს მიმდინარე სიტუაცია, გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ცხოვრებაზე. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეკვეთათ საზოგადოებების ინტერესები და პოზიციები, აგრეთვე, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები.

ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით პერიოდულად იმართება შეხვედრები ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, სადაც მიმდინარეობს აქტუალური საკითხებისა და პრობლემების განხილვა, მათი გადაჭრის გზების მოძიება. მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს საოკუპაციო ხაზით დაშორებულ საზოგადოების წარმომადგენელებს იქონიონ ეფექტური კომუნიკაცია და აღადგინონ ურთიერთნდობა.

განათლება
საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობის წახალისების, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისათვის.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სპეციალურ 1+4 პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, ჩაირიცხონ და ისწავლონ ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურების საფუძველზე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით მიღებული განათლების აღიარების პროცედურების გამარტივების ინიციატივები, რომელთა განხილვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
2014 წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის მიზანია ქვეყნის მოსახლეობისათვის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის, ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების შესაძლებლობის მიცემა. როგორც აღინიშნა, ცენტრი განაცხადს იღებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისაგანაც.

გამყოფი ხაზით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და დონორთა დახმარება
2013 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების დახმარებაა. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეასრულა წამყვანი როლი მავთულხლართებისა და სხვა წინაღობების აღმართვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და მათზე შემდგომ რეაგირებაში. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა გამყოფ ხაზთან მდებარე გორის, ქარელის, კასპისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების 77 სოფელში არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 4 ოქტომბერს შექმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. კომისიის წევრები პირადად ჩავიდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში და შეხვდნენ 48 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას. კომისიის მუშაობის შედეგად:
- ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად 11 440 ოჯახს (50 სოფელი) გადაეცა 200 ლარი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 288 000 ლარი;
- გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ოჯახების 471 სტუდენტს, რომლებიც ჩარიცხული არიან ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებზე, დაუფინანსდა 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასური. განათლების სამინისტროს წარდგინებით კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2014- 2015 სასწავლო წელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლა კვლავ დაფინანსდეს;
- სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და