პაატა ზაქარეიშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 3 წლიანი შედეგების პრეზენტაცია გამართა

17 ოქტომბერი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 3 წლიანი შედეგების პრეზენტაცია გამართა. პაატა ზაქარეიშვილმა მედიას ანგარიში პროგრამის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში წარუდგინა.
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი - არ გვყავს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულები, არ გვყავს არც ერთი ახალი დევნილი და არ დაგვიკარგავს კონტროლი არც ერთ ქალაქსა და სოფელზე. ეს მშვიდობიანი პერიოდი იძლევა საფუძველს შერიგების პროცესისთვის. ჩვენმა სამშვიდობო პოლიტიკამ მოგვიტანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მეტი ჩართულობა და ნდობა ქართული სახელწმიფოს მიმართ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით სხვადასხვა სამინისტრო ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთა მიმართ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
„წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის მიმართულებით. მოქალაქეები ჩამოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში უფასო და ხარისხიან მომსახურებას იღებენ. ამ მომსახურების მისაღებად გადმოსულთა რაოდენობა უპრეცენტოდაა გაზრდილი. ამასთან, წარმატებულ პროგრამებს ახორციელებენ განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. შედეგიანად მუშაობს ნეშტების გადმოსვენების საქმეზე დევნილთა სამინისტრო“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი იქნება ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მოსალოდნელი ყველა სარგებელი.
სახელწმიფო მინისტრმა მხარეების ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ორმხრივი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და მიმდინარე წელს 4 არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები პოზიტიურ გავლენას ახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზეც.
„რიგი გამოწვევებისა დაძლეულია, მაგრამ რჩება ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის მავთულხლართების, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადამიანის უფლებების დარღვევები“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არსებული გამოწვევების დაძლევაში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მობილიზებას ახდენს.
„სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კი, შემუშავდა და 17 აგვისტოს დამტკიცდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფცია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობას“ , - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2013-2015 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის სრული და შემოკლებული ვერსიები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულებზე:

http://new.smr.gov.ge/NewsDetails.aspx?ID=632

http://new.smr.gov.ge/NewsDetails.aspx?ID=631