შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ვენაში მიმდინარე „ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების შეხვედრაში“ მონაწილეობს.
ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების - აშშ-ის, რუმინეთის, ლიტვისა და კანადის წარმომადგენელებს ეუთო-ს საკითხებში. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე. მან ასევე ისაუბრა ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამგვარ კონტაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი მოგვარებისთვის.
ქეთევან ციხელაშვილმა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზურ და ოსურ მხარებთან დიალოგის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრა ეუთოს უმაღლეს კომისართან უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსთან. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მას ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზე.
ქეთევან ციხელაშვილი „ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების შეხვედრაზე“ მოხსენებით წარსდგება.
აღნიშნული კონფერენცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. შეხვედრებში მონაწილეობენ ასზე მეტი დელეგატი 49 ქვეყნიდან, ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.