შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვენაში მიმდინარე „ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების შეხვედრაზე“ მოხსენებით წარსდგა. სესიაზე, რომელიც ლიუბლიანას სახელმძღვანელო პრინციპებს, ანტიდისკრიმინაციისა და მოქალაქეობის საკითხების განხილვას დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილი მთავარ მომხსენებლად წარსდგა. მან საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქვეყანაა.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა კონფლიქტები და ოკუპირებული ტერიტორიები იყო. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა ნდობის მშენებლობაა და ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი აქვს. მან კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად ადგილობროივებისთვის შექმნილ პრობლემებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ასევე ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად წარსდგა სემინარზე, რომლის თემა ინტეგრაციის გენდერული ასპექტები იყო. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ასევე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორს, ჰაიდემარია გიურერს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ჰაიდემარია გიურერს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ, ასევე გამყოფ ხაზებზე ბარიების გავლებისა და ამ პროცესის ჰუმანიტარულ შედეგებზე. გიურერმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელსაც ევროსაბჭო ახორციელებს. ქეთევან ციხელაშვილმა ჰაიდემარია გიურერს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების“ კონფერენცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. შეხვედრებში მონაწილეობენ ასზე მეტი დელეგატი 49 ქვეყნიდან, ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.