შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ტოლერანტობის დღე და ზოგადად ტოლარენტული განწყობა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მართლაც გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება არის ის სიმდიდრე, რომლითაც შეგვიძლია, მთელი მსოფლიოს წინაშე ვიამაყოთ. ამავე დროს, ბუნებრივია, არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ამ კვირეული ფარგლებშიც გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თვის როგორც სახელმწიფო ენის, ისე სხვადასხვა დისციპლინის წავლებას, ასევე, კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ფარგლებში ასევე დაგეგმილია ლექცია-შეხვედრები რეგიონებშიც. 11, 12 და 13 ნოემბერს კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივ სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან ლექციას თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე წაიკითხავს. კვირეული 14 ნოემბერს მულტიეთნიკური ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ“ გაგრძელდება, რომელიც ბოლნისში გაიმართება.
15 ნოემბერს კი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიღებას გამართავს, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მიღებაზე გამოვლინდებიან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებულები. მათ პრიზები და სიგელები გადაეცემათ.
კვირეული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზები იმართება.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.