შერიგებისა და მოსაქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა. მიღება სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გახსნა.
სახელმწიფო მინისტრი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა და ტოლერანტობის, ეთნიკური და რელიგიური მრავაფლეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ის, რაც მოხდა საფრანგეთში, უდიდესი ტრაგედია და გამოწვევაა ცივილიზაციისთვის. ჩვენ დღეს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ და ეს ტერაქტები მიმართულია სწორედ განსხვავებულობის, თავისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება მთელს მსოფლიოში. საქართველოში მართლაც უნიკალური ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება გაგვაჩნია და ასეთი ტერაქტების ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რამდენად ღირებულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ. მან პაატა ზაქარეიშვილი სააგენტოს სახელით „წლის ტოლერანტ პოლიტიკოსად“ დაასახელა და სიგელი გადასცა. საღამოზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი.
მიღებაზე გაიმართა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დამზადდა.
საღამოზე ასევე გამოიფინა ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებული 13 ფოტო. ფოტოების ავტორებს საჩუქრები ჟიურის წევრებმა გადასცეს. სახელმწიფო მინისტრმა კი დააჯილდოვა სამი პრიზიორი, რომელთაგან ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებებით გამოვლინდა, ორი კი ჟიურიმ დაასახელა.
ოფიციალურ მიღებაზე მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიღებით დასრულდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 9 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების შეხვედრით დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა ლექცია-შეხვედრები ახალგაზრდებთან თელვსა და დმანისში, ასევე ხელოვნების მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“.