ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ხელოვნების მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ წელს ბოლნისში გაიმართა. ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების 200-მდე წარმომდგენელი ბავშვი მონაწილეობდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან.
რიგით მე-12 ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ფოლკლორული პროგრამა. ეროვნული ცეკვები, სიმღერები და ინსტრუმენტული ნომრები სოლოშემსრულებლებმა და 11-მა ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ფრაგმენტი სპექტაკლიდან „თეთრი ბაირაღები“.
საღამო პროექტის ავტორს კომპოზიტორს მანანა ალფაიძეს მიჰყავდა. ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორები არიან შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გაეროს ასოციაცია საქართველოში.