შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეებს შეხვდა. კურსი თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებული ტერიტორიების, გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან კურსის მონაწილეებს ასევე, გააცნო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
„ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთ შეუძლიათ, ყველა იმ სიკეთით ისარგებლონ, რასაც სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ჩვენ გვსურს, ამ ადამიანებს უკეთესი ალტერნატივა შევთავაზოთ. ჩვენ ვხედავთ ერთიან სახელმწიფოს ერთიან ევროპულ სივრცეში. ევროპული ინტეგრაცია არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატსა და მიმდინარეობაზე. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.