ჟენევაში საერთასორისო დისკუსიების მორიგი - 34-ე რაუნდი გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ დააყენა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ ქართული მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომისა და რელიგიურ დღესასწაულებზე გადაადგილების თავისუფლების საკითხები.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის ცენტრალურ თემად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება, რომელშიც გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მყარი მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ამ რაუნდზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ. შედგა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების საკითხის ხანგრძლივი განხილვა. საერთაშორისო პარტნიორებმა მყარი მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენი პოზიციის მიმართ, მათ აღნიშნეს, რომ შეეცდებიან, გამონახონ ამ პრობლემის მოგვარების საერთაშორისო ინსტრუმენტი. ასევე, განვიხილეთ ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლების მოსახლოებისთვის მიწებზე წვდომის პრობლემა. თანათავმჯდომარეებმა ამ საკითხშიც მხარდაჭერა გამოხატეს. ერთ-ერთ მთავარ თემად დავაყენეთ რელიგიურ დღესასწაულებზე სალოცავებსა და საფლავებზე გასვლის და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების საკითხი“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო - 35-ე რაუნდი 2016 წლის 22-23 მარტს გაიმართება.