შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე თბილისის საკრებულოში წარსდგა. ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით თბილისის საკრებულო მერიასთან ერთად დედაქალაქისთვის 2016 წლის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ანგარიშს სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარუდგენს.
ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები და დოკუმენტებში ასახული სიხალეები მიმოიხილა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დოკუმენტები ადგილობირივი გამოცდილების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და ადგილობრივი ექსპერტები, ისე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები. მან ყურადღება გაამახვილა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ისეთი თემების მნიშვნელობაზე, როგორიც არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და მედიის ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლება და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
„მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის საკრებულო სამოქალაქო ინტეგრაციის
მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზადაა. თბილისი ამ მხრივ მართლაც უნიკალური ძეგლი და ცოცხალი სიმბოლოა, სადაც მრავალი ეთნიკური ჯგუფისა და რელიგიის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, აღნიშნა, რომ დოკუმენტები ითვალისწინებს არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ამგვარი ჯგუფების ენების სწავლების სტანდარტების შემუშავებას.
დღევანდელ სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ კითხვებსაც უპასუხა.