პაატა ზაქარეიშვილმა Coberm-ის მესამე ფაზის დაწყებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

15 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პროექტ Coberm-ის მესამე ფაზის დაწყებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პაატა ზაქარეიშვილმა ნდობის აღდგენის პროცესში Coberm-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ Coberm-ის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ინიციატივა, რომლებიც მოიცავდა ჰუმანიტარული ჩართულობის თითქმის ყველა სფეროს და მიმართულებას.

“Coberm-ი მაღალი ნდობით სარგებლობს არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ აფხაზური და ოსური ორგანიზაციების მხრიდანაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოახერხებენ Coberm-ის ამ ახალ ფაზაში მონაწილეობას. აფხაზური და ოსური სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის წარმატებისთვის, ასევე კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნებისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ Coberm-ი შესაძლებლობას აძლევს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ პირებს გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ კონტაქტები და აღმოაჩინონ საერთო ინტერესები.
სახელმწიფო მინისტრმა პროექტის მესამე ფაზის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).