ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

17 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოვიდა. ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელდა. დღევანდელ შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები რამდენიმე ძირითად საკითხს ეხებოდა: სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელება.
ქეთევან ციხელაშვილმა ვრცლად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტები ეფუძნება თანასწორობის პრინციპს, რომელიც ყველა მოქალაქისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის თანასწორი პირობების შექმნას უწყობს ხელს.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს - მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ჩართულობა, ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის შესწავლა, მედიასა და ინფორმაციაზე წვდომა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული პროექტების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელსაც ქართული მხარე მისი ხელმძღვანელობით ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა და დევნილთა უფლებების დაცვისა და რეალიზების მიზნით ახორციელებს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების შეხვედრებზე ქართული მხარე მუშაობს, რათა დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, გადაადგილების თავისუფლების პრობლემების მოგვარების რეალური გზები გამოინახოს.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჩატარდა სამუშაოები როგორც სასმელი წყლის, ისე საირიგაციო სისტემის საკითხების მოსაგვარებლად.
„კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, თითოეულ ოჯახს ზამთრის სეზონზე გათბობისთვის გადაეცემა 200 ლარი. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, 23 სოფელში გაიხსნა ამბულატორია, მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბიბლიოთეკები, მიმდინარეობს ინტერნეტიზაცია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო მომსახურების თხოვნით 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია მომართვიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მხრიდან, რაც მისი შეფასებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე მეტყველებს.
ქეთევან ციხელაშვილმა სახალხო დამცველისა და კომიტეტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.