შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 72 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოს სხვადასხვა სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პანკისის ხეობიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.
გამომსველებმა გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი, რომელიც ჩრდილო კავკასიელებმა მასობრივი გასახლებების დროს გამოიარეს. ასევე, საღამოზე ნაჩვენები იყო გასახლების პროცესის ამსახველი დოკუმენტური კადრები, ტრაგედიის მონაწილე პირების პორტრეტები და ამ თემაზე გადაღებული ფილმი.
როგორც ცნობილია, 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, ერთი დღე–ღამის განმავლობაში ჩეჩენი და ინგუში ხალხი მთლიანად აყარეს საკუთარი მიწიდან და შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლება გენოციდის აქტად ოფიციალურად აღიარა.