შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის უკანონოდ დაპატიმრებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად 2015 წლის მაისში დაიწყო.
„2015 წლის მაისიდან მოყოლებული უკანონოდ დაპატიმრებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. აფხაზურმა მხარემ, ისე რომ სანაცვლოდ არაფერი მიუღია 9 პატიმარი გადმოგვცა (ერთმა მათგანმა, გათავისუფლების დღეს გადმოსვლაზე პირადად ჩემთან განაცხადა უარი). თუმცა, მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე აფხაზური მხარე პრინციპულად აცხადებდა, რომ გიორგი ლუკავას განთავისუფლებას არც კი განიხილავდნენ. 4 დეკემბრისთვის უკანონოდ დაპატიმრებულ პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი ფაქტიურად დასრულებული იყო. თუმცა, 4 დეკემბრიდან 10 მარტამდე მოლაპარაკებას ვაგრძელებდით მხოლოდ გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე. ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ გადმოეცათ ლუკავაც. სამწუხაროდ, აფხაზური მხარე ცალსახად უარზე დარჩა. მათი პოზიცია არის, რომ გიორგი ლუკავა პატიმრობიდან ერთხელ უკვე გაუშვეს, თუმცა ის დაბრუნდა გალში და კიდევ ერთხელ ჩაიდინა დანაშაული, რის შემდეგაც მეორედ დააკავეს და აღარ აპირებენ მის გათავისუფლებას.
10 მარტისთვის გვქონდა სამი მოცემულობა: პირველი - დავლოდებოდით ლუკავას გათავისუფლებას და დანარჩენი პატიმრები გყოლოდა იქ ვიდრე ლუკავას არ გაათავისუფლებდნენ; მეორე - ამ მოლოდინში შეიძლება დაძაბულობა შექმნილიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე და შანსი იმისა, რომ ვერავის ვეღარ გამოვიყვანდით მაღალი იყო; და მესამე - რაც ჩვენ გავაკეთეთ, ანუ პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება გამოგვეყვანა 9 პირი აფხაზეთიდან და 5 ცხინვალიდან, ხოლო ლუკავას გათავისუფლებაზე გაგვეგრძელებინა მუშაობა. არასდროს შანტაჟის ენას არ ავყოლილვარ და არც ახლა ვაპირებ. მე გულწრფელად ვმუშაობ ადამინების უფლებების დაცვაზე და არა თანამდებობის და ხელფასის გამო. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, შევინარჩუნოთ მშვიდი გარემო. ხმაური და დაძაბულობა მხოლოდ ვნებს მოლაპარაკების პროცესს. საწყისი მოცემულობა ისედაც ძალიან მძიმეა - აფხაზები არ ფიქრობენ ამ ადამიანის გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ.
კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა გავიმეორო, რომ არცერთ ეტაპზე, არასდროს არ ყოფილა ლუკავას გამოშვებაზე აფხაზების მხრიდან თანხმობა. როგორც კი მის გვარს ვახსენებდით აფხაზები ამბობდნენ - არას. მის მეუღლე ამბობს, რომ ვითომ აფხაზებმა გიორგი ლუკავას უთხრეს, რომ ისინი მზად არიან მის გათავისუფლებაზე და ჩვენ ვთქვით უარი - ეს ტყუილია! ამის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ გამოვიყვანე 9 პირი, ლუკავაზე უარი რატომ უნდა გვეთქვა? თუ მაინც გააგრძელებს ქალბატონი ლალი ლუკავა ამის ლეგენდის მტკიცებას, ვთხოვ მას - დაასახელოს იმ აფხაზის გვარი ვინც ამას ამბობს და პირადად გავარკვევ ამ საკითხს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.