ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა

15 მარტი 2016
დღეს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 64-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფატები, მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები. დღის წესრიგის თანახმად, ისაუბრეს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში კერძო საკუთრების ხელყოფისა და უკანონოდ მითვისების ფაქტზე.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი გამოითქვა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან განხორციელებული უკანონო სამუშაოების გამო.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგორის რაიონში მერაბ ბალაშვილის საცხოვრებელი სახლის დარბევისა და გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხებს.

ასევე, საექსპერტო დონეზე შეჯერდა, სასოფლო - სამეურნეო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ორივე მხარის მოსახლეობისთვის სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი. კერძოდ, ტირიფონის სარწყავი არხის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე, ტექნიკური ხარვეზების დადგენასა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 65-ე შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.