"სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის" ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

18 მარტი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის" შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და ის გამოწვევები განიხილეს, რაც ამ დრომდე კიდევ რჩება.

"ყოველ წელს ამ კომისიის საშუალებით სახელმწიფო შეიმუშავებს ახალ სამოქმედო გეგმას, სადაც კონკრეტული ღონისძიებებია გაწერილი. ჩვენი პრიორიტეტები მომდევნო წლის განმავლობაში, ისევე როგორც წელს, რამდენიმეა. მათ შორის არის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს სახელმწიფოსთვის. ის გამოწვევები, რომელიც ამ კუთხით რჩება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის.
ხშირად ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვნად ჩართვის კუთხით", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

"სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა" საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.