2016 წლის 23 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების პროცესი წარიმართა დინამიურად. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა საგნობრივი დისკუსია დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე.
ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პატიმრების გაცვლა, როგორც ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თანათავმჯდომარეები და მონაწილეები მიესალმნენ ასევე ცხინვალის მიმართულებით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის აღდგენას, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრის მედიატორობით განიხილება უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხები.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტერიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებს, ასევე ე.წ. „ხელშეკრულებების“ აქტიური იმპლემენტაციის გზით, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ინტეგრაციის შედეგებს.
ამ ფონზე, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყნების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დადებითად წაადგება ადგილზე ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას ისევე, როგორც ნდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის პროცესს. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში გაგრძელდა მუშაობა ძალის არ გამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადების პროექტზე.
მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ასევე მარტის დასაწყისში სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას, როგორც თავისუფალი გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრებას და წარმოადგენს გამოწვევას ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ჰუმანიტარული ვიზიტები და თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში.
მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა. ქართველმა დელეგატებმა ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, რაც აშკარად იკვეთება საოკუპაციო რეჟიმების მიერ მიღებული ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხი და მოითხოვეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. გამოითქვა წუხილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უკვე მრავალი რაუნდის ფარგლებში წარმოადგენს საერთაშორისო ყურადღების საგანს, ადგილზე მდგომარეობა არ იცვლება.
საქართველოდან მონაწილეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.
შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არსებითი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვა.
შეხვედრაზე გამოითქვა ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მუშაობის აუცილებლობა. ასევე წარიმართა დისკუსია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების საკითხზე. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა უზრუნველყოს გაზის მიწოდება ახალგორის მცხოვრებთათვის, რისი შეთავაზებაც არაერთხელ მოხდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ განხორციელდა მონაწილეთა უარყოფითი პოზიციის გამო.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 14-15 ივნისს.
იხილეთ ბმული