სატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ფორუმზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საინფორმაციო პროპაგანდის საკითხზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებზე და მათი მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ რუსული პროპაგანდის გაძლიერების საკითხზეც.
„რუსული პროპაგანდა საქართველოსთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ხილული ბარიერების გარდა, როგორიცაა ტანკები და მავთულხლართები, ასევე გვექმნება უხილავი ბარიერები, როგორიცაა რუსული პროპაგანდის მიერ მტრის ხატის სტერეოტიპის წახალისება და შექმნა, ანტიდასავლური ნარატივები და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადია ოკუპირებული ტერიტორიები და ნაწილობრივ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები, სადაც ერთ-ერთ მთავრ გამოწვევად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე ცოდნა. ამის გათვალისწინებით მათი უმრავლესობა დიდწილად მოწყვეტილია საერთო საინფორმაციო სივრცეს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ქართულ ტელევიზიებიდან ვერ იღებს და მათი ინფორმაციის ძირითად წყაროს უცხოური არხები, მათ შორის რუსული არხები წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი მიზანია როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებისთვის საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ფორუში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება და 4 აპრილიდან 19 აპრილამდე გაგრძელდება.
იხილეთ ვიდეო