ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

6 აპრილი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე.

თავის მხრივ, სტუმრები დაინტერესდნენ კონფლიქტების მოგვარებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის, კერძოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკით. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ნეიტრალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხითა და დოკუმენტების მიღების პროცედურებით.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს, ხალხთაშორის კონტაქტების ხელშეწყობის, ნდობის მშენებლობისა და შერიგების გზით. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ჩართულობის პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს სთავაზობს იმ სერვისებს და მომსახურებას, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ და რაც მომავალში ხელმისაწვდომი გახდება პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატში.
რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გეგმა გაცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით დაგეგმილ პროგრამებზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მეტად ჩართულობის ხელშეწყობის მექანიზმებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „1+4“ პროგრამა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აბიტურიენტებისთვისაა შექმნილი ერთ-ერთი შედეგიანი პროექტია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და ჰუმანიტარულ ჯგუფში განხილულ საკითხებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლების დაბრუნების საკითხს, როგორც ცენტრალურ თემას და დღეს მათ ფაქტობრივ მდგომარეობას.

შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში, ასევე მისი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის მშენებლობას.