ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

12 აპრილი 2016
სასტუმრო „რუმსში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო სექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა გააცნო.

„კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფოს აქტიურობასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სახალხო დიპლომატია. მეტიც, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არის აქტივობები, რომლის განხორციელებაც სამოქალაქო სექტორს შეუძლია. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა იყოს გამჭირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ასევე მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი რეკომენდაციები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ჟენევის საეთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობებაზე, განსაკუთრებით ბოლო რაუნდებზე, ასევე სამოქალაქო სექტორის როლსა და მათ ჩართულობაზე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება კომუნიკაციის სფეროში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.