ქეთევან ციხელაშვილმა ჰააგის რეკომენდაციების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

21 აპრილი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ჰააგის რეკომენდაციების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო. ქეთევან ციხელაშვილი ჰააგის რეკომენდაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში ეუთოს უმაღლესი კომისარის უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსის პირადი მიწვევით მონაწილებდა.

კონფერენციის პანელის თემა იყო - რა როლს თამაშობს განათლება სტაბილური მრავალეთნიკური საზოგადოების მშენებლობაში - როგორ უმკლავდება საქართველო განათლების პრობლემებს, კერძოდ უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე, როგორ შეუძლია ეუთოს ლუბლიანას სახელმძღვანელოსა და ჰააგას რეკომენდაციების უფრო ეფექტური განვითარება.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

ასევე, ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, იმ პირობებში როდესაც ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონში შესვლის საშულება არ ეძლევათ.

„საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა მოქალაქეების თანასწორობა და ჩართულობა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ვუზრუნველყოთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და მშობლიურ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის ცოდნის მკვეთრი გაუმჯობესება. ჩვენ ვაშენებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებულია მყარ, მრავალეთნიკურ ტრადიციებზე, სადაც დაცულია ეთნიკური უმცირესობების იდენტობა და კულტურა. ამას ვთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც, რომელთა იდენტობას და თვითმყოფადობას საოკუპაციო პირობებში სერიოზული რუსიფიკაციის საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენცია ჰააგაში 20-21 აპრილს გაიმართა, რომელსაც ეუთოს ქვეყნების ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, წამყვანი ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, მასწავლებლები, საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ესწრებოდნენ.