ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე პაატა ზაქარეიშვილი მოხსენებით გამოვიდა

27 აპრილი 2016
ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოხსენებით გამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ მცირდება გამოწვევები საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება მშვიდობიან, პრაგმატულ და გამოსავლების მოძიებაზე მიმართულ თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს.

„ჩვენი ამოცანაა, ნდობის მშენებლობა და შერიგება კონფლიქტით დაშორიშორებულ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის. რთული გამოწვევების, ღია პროვოკაციების ფონზეც, მაგალითად, როგორიცაა უკანონო მავთულხლართებისა და წინაღობების აღმართვა რუსეთის მხრიდან და გამყოფი ხაზის გასწვრივ ადამიანების პერმანენტული უკანონო დაკავებებია, ჩვენ შევძელით რაციონალური რეაგირება და პროვოკაციების მაქსიმალურად განეიტრალება. თუმცა, ამ გამოწვევების სახით, ცხადია, პრობლემა ისევ სახეზეა, რაც განსაკუთრებით მათ მიმდებარე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე ახდენს მძიმე გავლენას. ამიტომ, ქვეყნის დეოკუპაცია მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაშიც საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე გამოსვლისას.

სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტის წევრებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზეა რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო 4 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი, ძალადობის, მცირე ინციდენტებისა და დამატებითი მსხვერპლისა დევნილების გარეშე. გამოირიცხა ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე მორიგ კონფრონტაციისთვის იყენებდა. ერთის მხრივ, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ქართულ-რუსულ განზომილებაში, ჟენევა ამისთვის საკვანძო ფორმატად რჩება. კონფლიქტის ცალკე განზომილებაა ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობები, რომელიც როგორც ჟენევის, ისე და მის მიღმაც - სხვა ფორმატების ფარგლებშიც ვითარდება“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის უმნიშვნელოვანესი და დღემდე ერთადერთი რეგულარული ფორმატი, რომელშიც ჩართულია ყველა საკვანძო აქტორი, ევროკავშირი, გაერო, ეუთო, აშშს დელეგაცია.

„ამ ფორმატის მთავარი დანიშნულებაა საქართველოსა და რუსეთს შორის დისკუსია, იმ ძირითადი საკითხების და ვალდებულებების ირგვლივ, რასაც ფორმატი უნდა ემსახურებოდეს და სამ მთავარ საკითხს მოიცავს - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილების დაბრუნება. თანათავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შევუწყოთ ხელი. ძალისხმევის შედეგი იყო ბოლო, 35-ე რაუნდზე გალის IPRM აღდგენა, რაც ოთხწლიანი პაუზის შემდგომ, პროგრესია და შესაძლებლობა კონკრეტული ინციდენტების პრევენციასა და მოგვარებაზე ვიმუშაოთ აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც. სამწუხაროდ, გადაუჭრელია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჟენევის მომდევნო რაუნდების ამოცანად რჩება. ბოლო პერიოდში ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს საერთო სიტუაციის დამძიმების ტენდენციაც. კერძოდ, სერიოზულ გამოწვევად იქცა გალის რაიონში მიმდინარე პროცესები. ჟენევის შეხვედრების ბოლო რაუნდის განმავლობაში განხილვების ერთერთი ცენტრალური საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, კერძოდ კი ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის დამძიმება და დამატებითი შეზღუდვები, რაც უკავშირდება მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას საბავშვო ბაღებსა და საშუალო სკოლებში, ასევე, ე.წ. „რეგულაციების“ შემოღებას, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მოსახლეობის ამ ნაწილის გადაადგილების, მუშაობის, საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის როლზე კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან პროცესში და მადლობა გადაუხადა EUMM-ს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.
„მნიშვნელოვანია თქვენს მიერ ჩვენი ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელიც 2008 წლის შემდგომ ერთადერთი საერთაშორისო აქტიორია ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიას დღემდე არ ეძლევა საშუალება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს შესვლის და, შესაბამისად, მანდატის სრულყოფილად განხორციელების, მისია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორია. მანდატის სრულად განხორციელება კი ჩვენს საერთო დღის წესრიგში რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მთავარი კომპონენტია. ევროპას არ სჭირდება გადაუჭრელი კონფლიქტები მის სხვადასხვა ნაწილში. ევროპის უსაფრთოხებისათვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და მდგრადი მოგვარება სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებით. ევროპას სჭირდება წარმატებული კონფლიქტის მოგვარების მაგალითები. ეს მაგალითი სჭირდება პოსტ-საბჭოთა რეგიონს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონს, სადაც გადაუჭრელი კონფლიქტებია და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი რისკები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამგვარი მაგალითის გამტკიცებისთვის და გამოვიყენოთ უკვე გამოცდილი სამშვიდობო რესურსები. ამიტომ, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რასაც დღეს მსოფლიო, კერძოდ ევროპა და ჩვენი რეგიონი აწყდება - აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების მდგრადი და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის გაგრძელება“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მაშინ როცა ამ რეგიონების რუსიფიკაციისა და რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის დინამიკა მაღალია დროის დაკარგა არ შეიძლება.

„ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში გაცოცხლებული სპეკულაციები სამხრეთ ოსეთში ე.წ, „რეფერენდუმის“ ჩატარების და რუსეთთან მიერთების თაობაზე, რასაც აშკარად მორიგი პროვოკაციის ხასიათი აქვს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს.

სახემწიფო მინისტრის თქმით, საქართველო მეტად ინტეგრირებული ხდება ევროკავშირთან.

„გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულად მიანიჭებს ბიომეტრული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უფლებას უახლოეს მომავალში. ეს წარმატება კიდევ მეტად გაზრდის საქართველოს მიმართ მეტ ნდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში. მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისათვისაც, როგორც ნიშანი, იმისა, თუ როგორ მომავალს ვთავაზობთ მათ, კონკრეტულად რა ხელშესახები სარგებელს სთავაზობს მათ ევროპული პერსპექტივა იქნება ეს უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების, თუ სავაჭრო და ეკონომიკური განვითრების მიმართულები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ევროინტეგრაციის ყველა სარგებელს, ყველა იმ ვალდებულების, პირობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაზეც ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსური ურთიერთობებზე, როგორ ჟენევის და მის მიღმაც - სხვა ფორმატებზე.

„პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის წარმართვის მიმართულებით ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი დინამიკა, რომლისკენაც მივისწრაფვით. ამას, სამწუხაროდ ხელი ეშლება იმ ძალების მხრიდან, ვინც დაინტერესებულია კონფლიქტის შენარჩუნებასა და ხალხთა შორის ურთიერთობების ხელის შეშლაში. თუმცა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩართულობის პოლიტიკას. კერძოდ, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საარქივო მასალების გაცვლის/გადაცემის, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმდინარე წლის მარტის თვეში, ჩვენი ინიცირებით, ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებით და ჟენევის ფორმატის გამოყენებით მოვახერხეთ გრძელვადიანი პატიმრების გათავისუფლება. ასევე, წარმატებულია წითელი ჯვრის ფასილიტაციით ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაღუპულ და დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების და გვამების გაცვლის და გადმოსვენების საკითხში. ამას აქვს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ადამიანური განზომილება არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისათვის, არამედ სამშვიდობო პროცესისთვისაც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.