ქეთევან ციხელაშვილმა შინდისში გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

2 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოროების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 2008 წელს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყველას მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. ეს არის განსაკუთრებული ქრისტიანული დღესასწაული - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული და ამიტომ მოვედით აქ, რომ პატივი მივაგოთ იმ ბიჭების ხსოვნას, რომელთა სახელიც და ხსოვნაც მარადიულია. ეს გმირობის ისტორიული ადგილია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ. აქ ჩამოსვლით მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ გვყვას გმირები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, ერთობისა და ერთ მუშტად შეკრულები, უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არც ერთი ახალგაზრდა აღარ დავკარგოთ. შეუპოვრობით, თავგანწირვით, მაგრამ მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღდგენა და იმ ხალხის დაბრუნება, რომელიც საოკუპაციო ხაზით, მავთულხლართებით არის გახლეჩილი.

აქვე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დევნილებს და იმ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ და მავთულხლართების, სხვა მახინჯი ბარიერებისა და დაბრკოლებების გამო სალოცავების მოლოცვასა და ნათესავების საფლავების მონახულებას ვერ ახერხებენ, ისეთ განსაკუთრებულ დღეებშიც კი როგორიც აღდგომაა. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, დეოკუპაციისა და კონფლქტის მშვიდობიან მოგვარებასთან ერთად“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღესვე სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად შინდისში, გმირთა მემორიალი გვირგვინით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა შეამკო.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს, ქართული მართმადიდებლური ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.