შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე ისაუბრა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და განათლების მშობლიურ ენაზე შეზღუდვის საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, მათთვის მედიის ხელმისაწვდომობის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მომართვიანობა ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, პირი, რომელიც ნამდვილად ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო მათი მკურნალობის ხარჯებს 100% აფინანსებს.
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ეხებოდა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარული ჯგუფის შეხვედრებზე აღნიშნული საკითხები წამყვან თემებს წარმოადგენს, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხები.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად ინტენსიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ასევე საერთაშორისო, დიპლომატიურ დონეებზე და სახალხო დიპლომატიის საშუალებით.
რაც შეეხება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარებას, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე დასრულდა გაზიფიცირების პროცესი, გაუმჯობესდა ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ასევე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებმა ოჯახებმა ზამთრისთვის შეშის შესაძენად 200 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს, დაფინანსდა ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასური.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის მოხსენებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატმა, სხვა უწყებებთან ერთად 2015 წლის განმავლობაში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ხარისიანი განათლების მიღებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხარისხიანი განათლების მიმართულებით შემუშავდა ერთიანი სტრატეგიული ხედვა სკოლის ასაკიდან უმაღლეს სასწავლებელში სწვალის ჩათვლით, რათა მშობლიურ ენასთან ერთად სრულყოფილად დაეუფლონ სახელმწიფო ენას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით წარმატებულია „1+4“ პროგრამა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად მომავალშიც გაგრძედლება.
რაც შეეხება მედიის ხელმისაწვდომობას, მიმდინარეობს საინ¬ფორ¬მაციო პროგრამა „მოამბის“ ტრანსლირება აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებ¬ზე მეორე არხის პირდაპირი ეთერით. 2015 წლის ოქტომბრამდე გადიოდა ყოველკვირეული გადაცემა "ჩვენი ეზო", მეორე არხის ეთერით გადაიცემა რუსულენოვანი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა – „ნამდვილი დრო“. გრძელდება არაქართულენოვანი პრესის - სომხურენოვანი გაზეთის „ვრასტანის“ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის „გურჯისტანის“ ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, სამომავლოდ იგეგმება ახალი მედია პროექტების განხორცილებაც.