ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ“ გაიმართა

7 მაისი 2016
გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი, მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი" გაიმართა.

ფესტივალს "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" მონაწილეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მიესალმა.

„ფესტივალს „ერთი ცის ქვეშ“ ყოველწლიურად ვატარებთ. ეს არის საზეიმო დღე. აქ ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი უნიჭიერესი პატარები. ამ ფესივალს ერთი ცის ქვეშ ქვია. ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ, ერთი მიწის შვულები ვართ, ერთი სამშობლო გვაქვს. ეს, ის ბავშვები არიან, რომლებმაც ერთად უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ აქ არის წარმოდგენილი რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი სამშობლო, რამდენად თვითმყოფადები არიან აქ მცხოვრები ეთიკური ჯგუფები და რამდენად ჰარმონიულად შეგვიძლია თანაცხოვრება. ვფიქრობ, გორში ამ კონცერტის ჩატარება სომბოლურიცაა, სადაც რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართებია, რაც ხალხს ერთმანეთისგან ხელოვნურად აშორიშორებს. ეს არის ეთგვარად სამშვიდობო გზავნილიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის, ჩვენ დღეს აქ ერთად ვართ, კულტურით, საერთო სულისკვეთებით გაერთიანებული. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ქართველმა მოზარდებმა, რომლებმაც საკუთარი კულტურისათვის დამახასიათებელი კლასიკური მუსიკის ნომრები წარმოადგინეს. კონცერტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ.

ფესტივალის ფარგლებში მეორე, კლასიკური მუსიკის კონცერტი მიმდინარე წელის 24 სექტემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლები.

მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ", 2008 წელს დაფუძნდა და მოიცავს რეგიონული კონცერტების ციკლს, რომლის მიზანია ქართველი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.

ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. პროექტის ავტორია კომპოზიტორი მანანა ალფაიძე. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს გაეროს ასოციაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.