კავკასიელი ხალხების მუჰაჯირობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

20 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიელი ხალხების მუჰაჯირობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კავკასიოლოგმა მეცნიერებმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე : „21 მაისი - მუჰაჯირობის ტრაგიკული ფურცელი კავკასიელთა ცხოვრებაში“.

21 მაისი აღიარებულია კავკასიაში მუჰაჯირობის დღედ, რომელიც გულისხმობს XIX საუკუნეში კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის (აფხაზები, აბაზები, აბაძახები, ბჟედუღები, ჩერქეზები, უბიხები, ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, ყუბანისპირელი ნოღაელები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ქართველები) იძულებით გადასახლებას ოსმალეთის იმპერიაში.
კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1859-1864 წლებში, ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გასახლებას შეუდგა. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.
2011 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც "გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის "მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“.