შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დამოუკიდებლობის დღე კონცერტით აღნიშნა

26 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე კონცერტით აღნიშნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან. მათ ქართული და ეთნიკური უმცირესობების ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

კონცერტზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მონაწილეებს და სტუმრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა მიულოცა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 25 წლის იუბილეს. ეს არის ძალიან სასიხარულო და ბედნიერი დღე. დღეს ეს არის სევდიანი და მძიმე დღეც ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვს. გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზზე იქნა მოკლული. ჩვენ მისი ოჯახის და ახლობლების მიმართ თანაგრძნობას გამოვხატავთ. ამ ადამიანის ტრაგიკული დაღუპვა გვახსენებს, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დეოკუპაციისთვის. უნდა ვიბრძოლოთ მომავალშიც, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობით და ისე, როგორც ეს ჩვენმა ძალიან ლამაზმა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა თავისი ხელოვნებით, ნიჭიერებით დღეს გვაჩვენეს. ჩვენი გვაქვს ერთი სამშობლო, ერთი ცა და ერთი მიწა. საქართველო არის ყველასი. საქართველო არის ამ ბავშვების, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ყველამ ერთად, ერთმანეთის მოფერებით, სიყვარულით, ნიჭიერებით, მშვიდობით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმდიდრე და დღეს ეს ბავშვები ამას ყველაზე კარგად ამტკიცებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.