პაატა ზაქარეიშვილი გიგა ოთხოზორიას დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

26 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
„მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ტრაგიკულად დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. რაც ხურჩაში მოხდა, არის საშინელი მკვლელობა, სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული. ეს არის სერიოზული გამოწვევა იმ სამშვიდობო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს. მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, მკვლელი, რომელიც იდენტიფიცირებულია. კარგად ჩანს, რომ ეს იყო ცინიკური, ამაზრზენი ფორმით განხორციელებული მკვლელობა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 27 მაისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელების საკითხი განიხილება.
ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ინტენსიური შეხვედრები უკვე გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებთან.
19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.