ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა

17 ივნისი 2016
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა .
სხდომაზე ქართულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგის წარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა სხდომაზე დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმდინარეობაზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებსაც.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ.
ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობა.