ქეთევან ციხელაშვილმა „ლონდონის კონფერენცია 2016“- ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

17 ივნისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, ლონდონში „Chatham House“-ის მოწვევით, მესამე ყოველწლიურ „ლონდონის კონფერენცია 2016“- ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების 200-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 2016 წლის კონფერენციის თემა იყო - "ცვალებადი საზღვრები: უსაფრთხოების, სტაბილურობის და მდგრადობის გამოწვევები".

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს, მაიკლ ტეტემს, შეხვდა, რომელიც ამავდროულად დიდი ბრიტანეთის მხრიდან „უორდროპის დიალოგის“ მეორე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილი მაიკლ ტეტემს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების შეზღუდვაზე.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდის მიმდინარეობას, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა და საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას.
ქეთევან ციხელაშვილმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს მალდობა გადაუხადა ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის, ასევე ნდობის მშენებლობის პროექტების განხორციელებისათვის, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.