შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშის პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა. ასევე, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ უჩა ნანუაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ გამართულ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას ეხებოდა.
სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა სახალხო დამცველის ანგარიში ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე.
„ანგარიშში ასახულია იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც ოკუპაციის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდიან. მასში ხაზგასმულია ყველა ის ძირითადი პრობლემა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და ყველა მოლაპარაკებების ფორმატს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ვიყენებთ, რომ გარკვეული გამოსავლები იყოს მოძიებული. სახალხო დამცვლის ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებოა და დეტალურად არის აღწერილი აფხაზეთში, გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა. ამ ადამიანებს ეზღუდებათ უფლებები, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადგილების უფლებას, ბევრი კითხვები ჩნდება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ეს საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე დეტალურად განვიხილეთ და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ უფლებრივი დარღვევების შესახებ ინფორმირებულია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქდეს.
„19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალიან მოწყვლადი არიან ის ადამიანები, რომელთაც ყოველდღე ოკუპაციის პირობებში უწევთ გადაადგილება ან სწორედ ოკუპაციის გამო ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ასეთი კი ასი ათასობითაა. ჩვენი სახელმწიფოს მიზანია, რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ იქნება ამ პრობლემების მოსაგვარებლად გამოსავალი მოძებნილი. იმედი გვაქვს, რომ ამაში სახალხო დამცვლის ანგარიშიც დაგვეხმარება, რომ უფრო მეტმა ჩვენმა პარტნიორმა გაიგოს, თუ რამდენად მძიმეა ყოველდღიურად ცხოვრება ოკუპაციის პირობებში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.