შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა სასტუმრო „ტიფლისი პალასში“ საქმიან სადილზე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.
შეხვედრაზე თავის მხრივ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ კონფლიქტების მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით, რა ღონისძიებები ტარდება ქართული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველო კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას, ქეთევან ციხელაშილის თქმით, ამ საკითხებზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.
შეხვედრის დასასრულს ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ოკუპაციის თემის გაშუქებას სართაშორისო დონეზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის - "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება კომუნიკაციის სფეროში" ფარგლებში.