შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების (Abkhazia Strategic Partnership) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტები და აქტივობები.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა აფხაზეთის რეგიონში და მიესალმება მათი აქტივობების გაგრძელებას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორის დისკუსიების მიმდინარეობას, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე. ასევე, ისაუბრა 19 მაისს, ხურჩაში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორის უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას.
შეხვედრა გაეროს ოფისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.