სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 67-ე - შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს არსებული ვითარება. ბოლო დროს გახშირებული უკანონო დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები.
ქართულმა მხარემ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 28 ივნისს გაუჩინარებული, სოფელ ქორდას მკვიდრი 26 წლის ნიკა საღირაშვილის შესახებ, სამძებრო მოქმედებებში თანამშრომლობის იმედით.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უგზოუკვლოდ დაკარგულ და ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხს. ასევე, საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებულ გარემოებებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 68-ე შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.