შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, ფინეთის დელეგაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა.
კონფერენციის თემა იყო - „შუამდგომლობა ეუთოს სივრცეში: ქალი მომლაპარაკებლების როლის გაგძლიერება ეუთოს ფარგლებში“.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ქალების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.
„მიმაჩნია, რომ მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში, ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში. ერთი საკითხია გენდერული თანასწორობა, რადგან მოსახლეობის ნახევარს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქალებს გარკვეული საკითხების მიმართ უფრო მეტი სენსიტიურობა გააჩნიათ. მაგალითად, როგორიცაა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ბავშვების, მოხუცების, ჯანდაცვა და თვისუფალი გადაადგილების საკითხები. მგონია, რომ ქალების უფრო მეტი ჩართულობა შესაძლებელს გახდის ბევრი, ისეთი ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტას, რაც პოლიტიზირების გარეშე შეიძლება მოგვარდეს.
არ შემიძლება არ ავღნიშნო, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქალთა მონაწილეობა ქართული მხარის მიერ თანდათან გაიზარდა და ქართულ მხარეს დელეგაციაში 40% ქალია. სამოქალაქო საზოგადოებაში ქალები ძალაინ აქტიურად არიან ჩართულები სამშვიდობო პროცესში, სახალხო დიპლომატიით უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ამიტომ, დონორ ორგანიზაციებსაც ყოველთვის ვურჩევთ, რომ ქალები, როგორც მთავარი სამიზნე ჯგუფები გამოიყენონ ნდობის მშენებლობის პროექტებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ქალია. მიუხედავად ამისა, ისინი უფრო გამბედავები და შეუპოვრები არიან. ამის ნათელი მაგალითია გალის რაიონის სკოლების პედაგოგები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ვთხოვთ, როგორც ეუთოს, ასევე სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს დაგვეხმარნონ ოკუპირებულ ტერიტორიბზე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის ამოქმედებაში, რომლის განორციელებაშიც ეუთოს განსაკუთრებული როლი ენიჭება, მათ შორის როგორც ჟენევის საერთაშორიოსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიბზე არსებული ვითარებაც გააცნო.
ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის გადადგილების თავისუფლებისა და აფხაზეთში, გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხებს ქართული მხარე ჟენევის საერთშორისო დისკუსიის ფარგლებში პერმანენტულად დააყენებს, სანამ შესაბამისი შედეგი არ იქნება მიღწეული.
ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, ფინეთის დელეგაციის მიერ გამართულ კონფერენცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ გახსნა.