ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

29 ივლისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

„კონფლიქტების მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მთავრობისთვის შეუძლებელია.

დღეს ბევრი გამოწვევა ექმნება ევროკავშირს, დასავლელ პარტნიორებს, დაწყებული ტერორიზმით და მიგრანტთა კრიზისით დასრულებული, ამიტომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ევროკავშირისთვის. ამის მიღწევა კი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებითაა შესაძლებელი. საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, ხოლო რუსეთთან ძალიან პრინციპულად ახორციელებს დეოკუპაციის პოლიტიკას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე, რეგიონში და საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, რუსეთის როლსა და სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობაზე.

ფორუმის ბოლოს გაიმართა დისკუსია საკითხებზე თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამშვიდობო ფორმატები გახდეს უფრო ეფექტური, როგორ შეიძლება დაუპირისპირდე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ამ ფორმატების თავის ინტერესებზე მორგებისაკენ და რატომ არის უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში პირდაპირ დაკავშირებული ევროკავშირის უსაფრთხოებასთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენციას ესწრებოდნენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ექვსი ქვეყნიდან - ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ.