თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი ქეთევან ციხელაშვილი გახდა - ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ყოფილ მინისტრებს - თინათინ ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ დაწყებული ყველა წარმატებული რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება.
„მინდა, წარმოგიდგინოთ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ქეთი დღემდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. იგი ძალიან აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში. იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; იყო აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში - შვეიცარიაში; ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გავლილი აქვს კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრი. ქეთი ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი; მუშაობდა უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში გერმანიაში; იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი. პროფესიით ქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებული მინისტრი სახელმწიფო მინისტრი იქნება,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა. მისი თქმით, ლევან იზორიას ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების კუთხით, კარგი გამოცდილება აქვს, რომელიც, პიროვნულ თვისებებთან ერთად, საშუალებას მისცემს, ასეთივე აქტიური იყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან იზორიას, რომელიც დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ლევან იზორია არის სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს მიენიჭა გერმანიის ქ. გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის, ხოლო 2002 წელს ამავე ფაკულტეტის მიერ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი უმაღლესი შეფასებით. იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2007–2008 წლებში იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანი. 2008-2009 წლებში მოღვაწეობდა, როგორც პროფესორი გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში. ასევე იყო ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი, ჰუმბოლდტის სტიპენდიით. ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანაავტორი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს,“ - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები და ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ მინისტრებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მმართველი გუნდის ღირსეული წევრები იქნებიან.
http://gov.ge