შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა.
„სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო წმინდა ილია მართლის ხსენების დღე, განსაკუთრებით კი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს. ჩვენი ერის სულიერ მამას ვუსურვო დღეგრძელობა, ძალა და მხნეობა, რომ კიდევ დიდხანს გაუწიოს ჩვენს ერს წინამძღოლობა. მას აქვს ძალიან დიდი მისია და მადლიერები ვართ, რომ გვყავს ასეთი პატრიარქი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.