შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
„ჩვენ ახლა განსაკუთრებულ ადგილას ვდგავართ, ეს მემორიალი გაკეთებულია იმ ჭურვებით, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა. ამ ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ადგილიდან გავრცელდა სულის შემძვრელი კადრები მსოფლიო მედიაში. ჩვენ აღარასდროს გვინდა მსოფლიო მედიისა და თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოვხვდეთ ომის შემაძრწუნებელი კადრებით. გვაქვს ამბიცია, რომ ყურადღების ცენტრში მოვხვდეთ წარმატებული, განვითარების ისტორიით და ასევე, მსოფლიოს ყურადღებისა და მხარდაჭერის მობილიზება მოვახდინოთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ამოცანის ირგვლივ. სწორედ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ - განგრძობითი ოკუპაცია, კილომეტრობით მავრთულხლართები, რომელიც გრძელდება და ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურობის ძალიან მძიმე ტვირთს წარმოადგენს. ჩემთვის ეს ადამიანები არიან თანამედროვეობის გმირები, რომლებიც უამრავი გამოწვევის მიუხედავად - უკანონო დაკავებების, მიწაზე წვდომის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად მაინც აგრძელებენ საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრებას, ზრდიან შვილებს უკეთესი მომავლის იმედით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალშიც იქნება სწორედ კონფლიქტით დაზარალებული, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე, დევნილებზე ზრუნვა და მათი დაბრუნების უფლების რეალიზებისთვის ბრძოლა. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც მავთულხლართების მეორე მხარეს ცხოვრობენ და ძალიან ხშირად ოკუპაციის პირობებში კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვთ. არ ვგულისხმობ მხოლოდ განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობას, როგორიცაა გალის რაიონში მცხოვრები ქართველები. რა თქმა უნდა მათი უფლებების დაცვა არის ჩვენი პრიორიტეტი, ისევე, როგორც ყველა ჩვენ მოსახლეობის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გამთლიანება პირველ რიგში ხალხის გაერთიანებას გულისხმობს.
„ძალიან მძიმე დღეს მინდა კიდევ ერთი გზავნილი გავაკეთო - დადგა დრო, როცა ჩვენ რაციონალურად უნდა გადავაფასოთ ის შედეგები, რომელიც მოჰყვა ომს, გავაანალიზოთ ის ვითარება, რომელიც დადგა - მავთულხლართები, დაპირისპირება, იდენტობის შენარჩუნების საფრთხე, რომელიც იქმნება რეალურად რუსიფიკაციის პირობებში. ვფიქრობ ეს არცერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის და თუ ვინმე ხეირობს ამ ვითარებით ეს არ არის არც ქართველი, არც ოსი და არც აფხაზი ხალხი. ამიტომ, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ აღარასდროს დავუშვებთ ომს, სისხლის ღვრას, პროვოკაციებში ჩათრევას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულ უსაფრთხოების გარემოში ვცხოვრობთ და მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს და დიდი შრომაც სჭირდება. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, კიდევ უფრო მეტ წინადადებას შევთავაზებთ მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მშვიდობისთვის ზრუნვა ნდობის მშენებლობასა და შერიგებას გულისხმობს, ამიტომ ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის მთავარი ხაზი. ჩვენი ქვეყნის გამთლიანება პირველ რიგში ეს არის ჩვენი ხალხის გამთლიანება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა დღესვე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, გორში ე.წ. ვერხვების დასახლებაში ჭურვების მემორიალი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.