შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
„ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი, ნაკლებად რიტორიკული, მაგრამ პრინციპული, თანმიმდევრული, პრაგმატული და გამოსავლებზე ორიენტირებული პოლიტიკა. ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის პირველ რიგში ჩვენი ხალხის გაერთიანებას გულისხმობს, ამიტომ კიდევ უფრო დინამიური გახდება სამშვიდობო პროცესი, რომელიც ხალხთაშორის კონტაქტების წახალისების, ნდობის მშენებლობის და შერიგებისკენაა მიმართული.
საქართველოს ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაცია, კილომეტრობით მავთულხლართები, მოუგვარებელი კონფლიქტი ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურად მძიმე გამოწვევა. ამიტომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ბედზე, მათ მდგომარეობაზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. აქ იგულისხმება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ასევე უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ათასობით ოჯახი, ვისაც დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.
სახელმწიფომ ბევრი ნაბიჯი გადადგა გამყოფ ხაზების მიმდებარედ, რთულ უსაფრთხოების გარემოში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენთვის ამ ადამიანების საჭიროებებზე რეაგირება და რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება მომავალში.
პრიორიტეტულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული პირობების გაუჯობესება, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. თუმცა, იმ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი ამ მხრივ გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობაა, ვისი უფლებებიც ყველაზე ხშირად და უხეშად იზღუდება, ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, ამ მიზნისათვის ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა და ამოქმედება.
სახელმწიფო გააგრძელებს დევნილთა სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში, და ამავდროულად მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზაციისთვის ბრძოლას.
ჩვენი პოლიტიკა იქნება დინამიური და საქმიანი: სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ჩაერთონ და ისარგებლონ დანარჩენი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი მომსახურებებით. მაგალითისათვის, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები მოსახლების მხრიდან ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვაზე ინტერესი ბოლო წლებში მკვეთრად, მონაცემების მიხედვით, ოთხჯერ და ხუთჯერ გაიზარდა. ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვგეგმავთ ჩართულობის გაფართოვებას.
ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ყველა ის ახალი სარგებელი და შესაძლებლობა გაუზიაროს, რომელიც საქართველოს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარეობს, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ.
აღსანიშნავია, რომ საქათველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელი არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ სფეროებს, როგორიცაა უკეთეს განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, უვიზო მიმოსვლა, და ა.შ. არამედ ძალიან მნიშვნელოვანს. დაცულ იდენტობას და თვითმყოფადობას. არსებულ ვითარებაში, როცა რუსიფიკაციის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლების იდენტობის შენარჩუნებას საფრთხე ემუქრება, ეს მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
კონფლიქტების მოგვარების ჩვენი ხედვაა - ერთიანი მომავალი ერთიან ევროპულ სახელმწიფოში. სწორედ ასეთ სახელმწიფოდ ყალიბდება დღეს საქართველო.
ჩვენ ვყალიბდებით, როგორც ევროპული დემოკრატია და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის ქვეყანა, რომელსაც ამბიცია აქვს შექმნას ძლიერი ეკონომიკა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და თავისუფალი საზოგადოება, სადაც ყველა მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, თავს გრძნობს დაცულად და თანასწორად.
დაინტერესებული ვართ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამგვარი მომავლის მშენებლობაში და რა თქმა უნდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმა, აფხაზებმა და ოსებმა.
მზად ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რომ ვიმსჯელოთ ერთობლივ ინტერესებზე, პრაგმატულ გამოსავლებსა და ახალ ინიციატივებზე.
ჩვენი პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით განხორციელება. საეთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მტკიცედ უჭერს მხარს. აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ნდობის მშენებლობის და ხალხთაშორის კონტაქტების წახალისების პროგრამებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან დღეს ჩვენი ამოცანაა მავთულხლართების და სხვადასხვა დაბრკოლებების მიუხედავად ავაშენოთ ხიდები, რომელიც ჩვენს ხალხებს გააერთიანებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე ესაუბრა.