შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ 17 გმირს პატივი მიაგო.
„შინდისში დაღუპულმა ბიჭებმა აჩვენეს გმირობის ისეთი საოცარი მაგალითი, ისტორიის სახელმძღვანელოებში რომ წაგვიკითხავს და სიამაყის გრძნობით აღვსილვართ. ერთობის, შეუპოვრობის ვაჟკაცობის, თავგანწირვის და გაუტეხელობის მაგალითი. ამ ბიჭებმა უთანასწორო ბრძოლაში მართლაც გაიმარჯვეს საკუთარი სიცოცხლის ფასად.
ჩვენთვის ეს არის იმის მაგალითი და შთაგონება, რომ ყველა შესაძლებლობებით, ოღონდ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ საკმარისი ტკივილი გავიარეთ, საკმარისი მსხვერპლი გვქონდა და საკმარისი სისხლი დავღვარეთ. ამ ბიჭების პატივის მისაგებად უნდა გავძლიერდეთ და მოვახერხოთ მავთულხლართების, საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ხალხების შერიგების გზით, ამ კონფლიქტების მოგვარება.
რაც დღეს ჩვენ მივიღეთ - ოკუპაცია, დაშორიშორება, მავთულხლართები, ათასი მახინჯი ბარიკადი - ეს არ შედის არც ერთი ჩვენგანის ინტერესში. მავთულხლართების ორივე მხარეს მყოფი ადამიანები თანაბრად იტანჯებიან შექმნილი ვითარებით. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ მეტი წინადადაბებით, მეტი მიმზიდველობით, მეტი შეთავაზებით რაციონალურად გადაფასება შედეგების, იმისათვის, რომ ნდობის მშენებლობის მშვიდობის გზით წავიდეთ უკეთესი მომავლისაკენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის ომის შინდისელი გმირების გადარჩენილ თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე დამსახურებული უდიდესი გმირობისთვის, შეუპოვრობისთვის და ვაჟკაცობისთვის და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე სწორედ ასეთ გმირებზე იდგა.